| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სოფ. ბოლაჯურის მეჩეთის (41°40’31.78″N 42°46’20.62″ E 1238 მ) შენობა მეტ-ნაკლებად დაუზიანებელი სახითაა მოღწეული ჩვენამდე, მიუხედავად იმისა, რომ პირველი სართული წლების მანძილზე საწყობად გამოიყენებოდა, მეორე კი – კულტურის სახლად. შენობის ფასადები ქვის კვადრების რეგულარული წყობითაა შემოსილი, აქცენტირებულია კარ-სარკმელთა მოჩარჩოება. ორ-ორი თაღოვანი სარკმელია პირველი სართულის სამხრეთ, დასავლეთ და აღმოსავლეთის მხარეებზე, მათგან სამხრეთის და დასავლეთის თითო სარკმელი ამჟამად ამოქოლილია. შესასვლელი კარი ჩრდილოეთის ფასადზე ვარდისფერი და თეთრი ქვის მონაცვლეობით გამოყვანილ თაღოვან პორტალშია მოქცეული. როგორც ჩანს, ზედა გალერის გასანათებლად შენობას ასევე ორ-ორი თაღოვანი, უფრო მცირე ზომის სარკმელი ჰქონდა ამ მხარეებზე, მაგრამ დღეს ეს სისტემა გადაკეთებული და სახეცვლილია. მხოლოდ ორ ზედა სარკმელს სამხრეთ მხარეს აქვს შენარჩუნებული ავთენტური ფორმა და მოჩარჩოება. შემორჩენილია გადახურვის ხის კონსტრუქცია მოხარატებული კარნიზით, რომელზეც ტრადიციული „ცრემლისებრი“ ფესტონებია მოცემული, და აივნის და გადახურვის საყრდენი ბოძები ინტერიერში. დარბაზი ამჟამად ორ სართულადაა გადატიხრული ქალებისთვის განკუთვნილი გალერეის დონეზე. შემორჩენილია ოთხი საყრდენი ბოძი, რომლებსაც ზედა გალერეა ეჭირა, გარდა ამისა, მოგვიანებით კიდევ დაუმატებიათ ხის ბოძები სართულშორისი იზოლაციის მოსაწყობად. დარბაზის სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე ტიხრებითაა იზოლირებული.
1988 წელს დ. ბერძენიშვილის გადაღებული ფოტოს მიხედვით, ქართულ წარწერიანი ქვის ფრაგმენტი ჩასმული იყო მეჩეთის შესასვლელის მარჯვნივ. ჩვენ ექსპედიციას წარწერიანი ქვის ფილა შესასვლელთან დაგვხვდა მიწაზე დაგდებული, რომელიც, მისი უკეთ დაცვის მიზნით, ადგილობრივ მკვიდრთა დახმარებით მეჩეთში შევიტანეთ. წარწერა ფრაგმენტულია და ასო-ნიშნების მოხაზულობის მიხედვით ჴ-ჴჲ სს-ით უნდა დათარიღდეს. წარწერა შემდეგნაირად იკითხება:
`…ზეჲ~
ბოლაჯური მეჩეთში ინტერიერის დეკორი ფრაგმენტულადაა შემონახული. მეორე სართულის კედლები და ჭერი მთლიანად შეღებილია, სამაგიეროდ, პირველ სართულზე შემორჩენილია კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. უნდა აღინიშნოს, რომ თავის დროზე მოხატული იყო ასევე ბოძების ნაკვეთი ჩუქურთმებიც. ბოძები კვადრატულ ბაზისებზე დგას, მათზე გამოყენებულია მოხდენილი მცანარეული მოტივები, რომლებიც კონტრასტული ფერებით, წითელით და მწვანითაა აქცენტირებული. სახეზეა აგრეთვე მოხარატებული ხის კარი, რომელზეც ცისფერი, მწვანე და წითელი საღებავის კვალია შემორჩენილი. კარი ინტერიერში თაღოვან პორტალშია მოქცეული, პორტალი მოხატულია მცენარეული წნულებით, ტიმპანში განთავსებულია არაბული წარწერა. ფერით აქცენტირებული იყო ასევე მიჰრაბის გაფორმების რელიეფური დეტალები – სამ-სამი წვრილი ნახევარსვეტი და ტრაპეციის ფორმის კონსოლები, თაღში კი ტრადიციული ნახევრადგახსნილი დრაპირება იყო გამოსახული. კედლებზე უხვადაა მოცემული მცენარეული მოტივები, ყვავილების თაიგულები, წნულები, გირლანდები, კვიპაროსები. გრეხილი გირლანდები შემოუყვება სარკმლების ღიობებს. საინტერესოა მიჰრაბის მარჯვნივ გამოსახული კომპასი, რომლის ისარი ქააბას მიმართულებას აჩვენებს, და ე. წ. ქარების ვარდი. გვხვდება ისლამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოს, ხალიფა ალის ორპირიანი მახვილის, ზულფიკარის გამოსახულება. ოსმალეთის იმპერიაში ზულფიკარის გამოსახულება მყარად დაუკავშირდა იანიჩრების კორპუსის საბრძოლო დროშას და გამოხატავდა იანიჩართა კავშირს მართლმორწმუნე ხალიფასთან და ბექტაშის სუფიურ ორდენთან . ამავე დროს, ორპირი მახვილი ოსმალური სამხედრო ჰეგემონიის სიმბოლოც გახდა. თუმცა საინტერესოა, რომ ამ სიმბოლოს გამოყენების ფაქტი მეჩეთების დეკორატიულ სისტემაში თავად ოსმალეთის იმპერიაში ჩვენთვის ცნობილი არაა. არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ბოლაჯური მეჩეთში არსებული სხვა გამოსახულებებიც, მაგალითად ისეთი მოულოდნელი დეტალები, როგორიცაა ნესვი და საზამთრო. მიჰრაბში არსებული არაბული წარწერა ყურანის პირველი სურის სიტყვებს შეიცავს: „სახელითა ალაჰისა, მოწყალისა და მწყალობლისა“.

