ბოლაჯურის ნაეკლესიარი

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სოფ. ბოლაჯურის სასაფლაოს ნაეკლესიარი (ზომები – 8,2 მ X 4,8 მ) (41°40’23.60″N 42°46’16.11″E 1210 მ) გეგმის დონეზეა შემორჩენილი (კედლები ზოგ მონაკვეთზე დაახლოებით 1,5 მ სიმაღლეს აღწევს), თუმცა მკაფიოდ ჩანს თითქმის მთელი პერიმეტრის ხაზი – ფართო ნახევარწრიული აფსიდი, აფსიდისპირა შვერილები, გრძივი და დასავლეთის კედლები. ნაგებობა დარბაზულ ეკლესიას წარმოადგენდა, პასტოფორიუმების გარეშე. შესასვლელი სამხრეთიდანაა, კედლების ძირში შემორჩენილია საპერანგე წყობის ორი-სამი რიგი. კვადრები კარგად დამუშავებული და მასიურია, თუმცა არაერთგვაროვანი ზომის და ფერის. ნაწილობრივ შემონახულია შესასვლელის მონაკვეთი. კარს მასიური ფილა ხურავს, გარეთა მხარეს ამ ფილაზე გადანაკეცებიანი თაღოვანი მოჩარჩოების ქვეშ ამოკვეთილი ტოლმკლავა ჯვარია. ძეგლი XIII ს-ით თარიღდება. ეკლესიაში და მის ირგვლივ უამრავი დეკორატიული ფრაგმენტია. ყურადღებას იქცევს სარკმლის თავსართი გრეხილი ლილვებით, რომელზეც ამოღარულია ასომტავრული წარწერა. გ. ბოჭორიძე მას შემდეგნაირად კითხულობს: წ(მიდა)ო ღ(მერთ)ო, შ(ეიწყალ)ე ს(ულ)¡ შერ(გილი)საÁ¡ (ან შერ(მაზანი)საÁ) .
ჩვენ წარწერას XI-XII სს-ით ვათარიღებთ და შემდეგნაირად ვკითხულობთ:
`ქ. წ(მიდა)ო ღ(მერთ)ო, შ(ეიწყალ)ე ს(უ)ლჲ შერ(მადინი)საჲ~

აღსანიშნავია ასევე ამჟამად ტრაპეზად გამოყენებული ორი ქვა ჯვრების გამოსახულებებით და მათ თავზე დადგმული კიდევ ერთი ფილა გრეხილლილვებიანი გადანაკეცებიანი თავსართით და ჯვრით. ამ უკანასკნელ ფილაზე კიდევ ერთი ფილაა დადგმული, რომელიც, სავარაუდოდ, თავდაპირველად რაღაც ღიობის მოჩარჩოების ფრაგმენტს წარმოადგენდა (ლილვებით და კოპებით). უაღესად საინტერესო რელიეფია მოთავსებული ტრაპეზის ძირში – სწორკუთხა ფილაზე, მოჩარჩოებაში, აშკარად ადამიანის ფიგურის და შარავანდედის მოხაზულობა იკითხება.
ეკლესიის ირგვლის და მის კედლებზე უამრავი სხვადასხვა ტიპის ფრაგმენტია – ქვაჯვარების ბაზისები, ქვები ზედ ამოკვეთილი ჯვრებით, საფლავის ქვების დეტალები ეკლესიის მოდელების სახით, ვერძის თავი, არქიტექტრული დეტალები და სხვ.
ფრაგმენტულად შემორჩენილი მასალა ეკლესიის არქიტექტურულ თავისებურებებზე და დათარიღებაზე მსჯელობის საშუალებას არ იძლევა. რაც შეეხება დეკორატიულ დეტალებს, შემონახული ჩუქურთმის ხასიათი უფრო მეტად XIII ს-ის სტილს შეესაბამება. ამავე საუკუნეს, ვფიქრობთ, განეკუთვნება ფიგურატული რელიეფიც: ფიგურის სილუეტის სიმეტრიის ღერძიდან გადახრის ხასიათი, შეიძლება, ელეუსას ან ოდიგიტრიას ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის გამოსახულებაზე მიუთითებდეს. სამწუხაროდ, რელიეფი თითქმის მთლიანად გადაშლილია (კონტურის ხაზის გარდა) და დანამდვილებით რაიმეს თქმა შეუძლებელია.

+ფოტოგალერეა
  • bolajuri-church
+მეტამონაცემები