| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სოფ. არალის წმ. იოსების ეკლესია (41°37’56.45″N 42°49’30.44″E 1111 მ) სამნავიანი ბაზილიკაა (გარე ზომები – 18.25 მ × 9.6 მ). ნაგებობა, წარწერის თანახმად, აუშენებია 1860 წელს ვინმე ბალახაშვილს – ადგილობრივ მკვიდრს. შენობა თლილი ქვისაა, დახურულია ლორფინით. აღსანიშნავია, რომ შენობას არ აქვს ბაზილიკური ჭრილი, მისი სამივე ნავი ერთ სახურავშია მოქცეული. ერთი შესასვლელი დასავლეთ მხარესაა, მეორე – სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში ოთხ-ოთხი, ხოლო აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში თითო მაღალი სწორკუთხა და ოთხ-ოთხი მცირე კვარდატული სარკმელია. ინტერიერი სამ ნავად იყოფა ორი წყვილი მრგვალი კოლონით და ერთი წყვილი რთული ფორმის მასიური ბურჯით (აღმოსავლეთის მხარეს). კაპიტელები დორიულს მოგვაგონებს. აფსიდი ნახევარწრიულია, ცენტრში ბრტყელი ნიშით, აფსიდის ნახევარწერე გარედან სწორ კედელშია მოქცეული. გვერდითა ნავებს აღმოსავლეთით სწორკუთხა დაბოლოება აქვს, საკურთხევლის აქეთ-იქით აქ მართკუთხა ფორმის დამხმარე სათავსებია, რომლებიც თაღოვანი კარების მეშვეობით უკავშირდება როგორც საკურთხეველს, ისე ეკლესიის ძირითად სივრცეს. მთავარი ნავის მასიური ქვის კამარა ოთხტრავეიანია და სამი საბჯენი თაღითაა დანაწევრებული, გვერდითა ნავის გრძივ კედლებზე ორ-ორი თითოსაფეხურიანი მარტივი ფორმის პილასტრია. დასავლეთ კედელზე ხის პატრონიკეა ხის კიბით.
ტაძარს სამხრეთიდან მიშნებული აქვს სამსართულიანი სამრეკლოს კოშკი, რომლის პირველი სართული დახურულია, მეორე და მესამე სართულები ოთხ სწორკუთხა სვეტზე ამოყვანილი ოთხი თაღით გახსნილ ფანჩატურებს წარმოადგენს. სვეტები სამცხე-ჯავახეთის მონოფიზიტურ-კათოლიკური ძეგლებისთვის დამახასიათებელი კაპიტელებითაა დაგვირგვინებული. სამრეკლოსაც ლორფინი ხურავს. მესამე სართულის სამხრეთ და აღმოსავლეთ კარნიზზე წარწერაა: აშენდა სამრეკლო ესე 1860 სა ბარხიბის ჟამს ბალახოვს. ტაძარს აღმოსავლეთის ფასადზე მიშენებული აქვს ედიკულა ლურდის ღვთისმშობლის ქანდაკებით, ხოლო სამხრეთიდან დახურული კარიბჭეა. ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სასაფლაოა ძველი საფლავის ქვებით და სტელებით. ეკლესიასთან შემონახულია რამდენიმე წარწერის ფრაგმენტი:
`ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე გ(იორგ)ი~.
`წ(მიდა)ჲ გ(იორგ)ი~.
`ქ. ს(ა)ხ(ე)ლ(ი)თ(ა) | ღ(მრ)თ(ი)ს(აჲ)[თა] | აღემ(ა)რ|თა ძ(ე)ლი | ცხ(ო)რ(ები)ს(ა)ჲჸ| ჴ(ე)ლ(ი)თა მ(ა)ხ|ას(ი)თა სა|ლ(ო)ცვჾე(ლ)ჾდჿ | მშ(ო)ბ(ე)ლთა | მ(ი)სთ[ა], | აჾმეჿნ~.

