| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სოფ. არალის ირმისა, ანუ ირმის ეკლესია (41°37’58.55″N 42°49’35.86″E 1118 მ), სავარაუდოდ, გვიანი შუა საუკუნეების ძეგლია, რომელიც მოგვიანებით კათოლიკურ ეკლესიად გადააკეთეს. შესაძლებელია, აქ იყო უფრო ძველი ტაძარიც, რომლის ადგილზეც დღეს არსებული ეკლესია აუგიათ. ეკლესიის ეზოში დგას VII ს-ის, 2,56 მ სიმაღლის ქვასვეტი. ოთხწახნაგოვანი სვეტი პროფილირებული კუთხეებით დიდ ლოდზეა აღმართული. ლოდი ქვის ბლოკებზე დგას ისე, ქვეშ გასაძრომია მოწყობილი. ამ ქვასვეტთან, ისევე, როგორც ეკლესიასთან, მრავალი ხალხური თქმულება და ლეგენდაა დაკავშირებული. ქვასვეტზე წარწერაა: ქრისტე, სახელითა ღმრთისაითა…აღემართა ძელი ცხორებისაჲ ხელითა მახასითა სალოცველად მშობელთა მისთათუის ა(მენ) .
თავად ეკლესია მიწაში ღრმად ჩასული, ძლიერ გადაკეთებული ნაგებობაა. გ. ბოჭორიძის მოგზაურობის დროს სახეზე იყო ერთნავიანი დარბაზი (ზომები – 15 მ X 5,5 მ), რომლისგანაც შემონახული იყო საკმაოდ დაზიანებული ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედელი და ჩრდილოეთიდან მიშენებული ეკვდერი. მკვლევარს დაფიქსირებული აქვს რამდენიმე კარგად დამუშავებული საპერანგე ქვა აღმოსავლეთ კედელზე და ორი გრძივი ფორმის ჩუქურთმიანი ქვა, რომლებიც კანკელად გამოუყენებიათ.
დღეს ეკლესიას აქვს ერთი დარბაზი, რომელიც ბოლოვდება შიგნიდან უსწორო ხუთწახნაგა აფსიდით, რაც აშკარად გვიანდელი გადაკეთების შედეგია, რადგან გ. ბოჭორიძე აქ მომრგვალებულ კედელს აფიქსირებს. აფსიდს სარკმელი არ აქვს, ორი სარკმელი სამხრეთ მხარეს მიწის დონეზეა. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კამარა განადგურებულია, დარბაზი ხის სახურავითაა გადახურული. დასავლეთიდან კარიბჭისმაგვარი მინაშენია, მას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარიბჭე ნახევრად ღია, ასევე ფიცრით ამოშენებული და ცალქანობა ფიცრის სახურავით დახურული, მიწაში ჩასული სათავსია. გეგმის დონზეა მასაც უსწორო მოხაზულობა აქვს, წაკვეთილია სამხრეთ-დასავლეთის კუთხე. საშენ მასალად გამოყენებულია ნატეხი ქვა და დუღაბი.
ეკლესიის მთავარ დარბაზს ჩრდილოეთის მხრიდან აქვს მოზრდილი დანგრეული ეკვდერი. სათავსი ვიწრო და გრძელია და აფსიდით ბოლოვდება, რომლის შემორჩენილ ნაწილში სარკმელი იკითხება. უკეთაა შემონახული ჩრდილოეთის კედელი. კამარა მთლიანად ჩამოქცეულია. საინტერესოა, რომ ეკვდერს და მთავარ დარბაზს ცალ-ცალკე, მაგრამ ერთმანეთზე მიდგმული მიმიჯნავე კედლები აქვთ. შესაძლებელია, რომ ეს ორი შენობა არაა თანადროული. სამწუხაროდ, ეკლესიის შემორჩენილი ნაწილები გადაჭრით ამ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას არ იძლევა. ეკვდერი ორ ნაწილად ყოფილა გაყოფილი, თუმცა ამჟამად გამყოფი კონსტრუქციის კვალი არ ფიქსირდება.
ორი, ძალზე მაღალი ხარისხის, ორნამენტული დეკორით შემკული ქვა ამჟამად ეკლესიის შიგნითაა მოთავსებული. ისინი დაახლოებით ერთი ზომისაა (80 X 115 X 55 სმ) და ჩუქურთმის კვეთის მაღალი ხარისხითა და დეკორატიული მოტივების სიმდიდრით გამოირჩევა. აშკარაა, რომ ორივე ერთი კომპოზიციის ნაწილია. ერთ-ერთ მათგანზე ორმაგი გრეხილი ლილვის მოჩარჩოებაში მოქცეული არე ხალიჩისებრადაა დაფარული ყლორტების მიერ შექმნილ წრეებში ჩაწერილი ვაზის ფოთლებით. ეს ორნამენტი ფართოდაა გავრცელებული საქართველოში XII ს-დან მოყოლებული როგორც ქვაზე კვეთის, ისე ოქრომჭედლობის ნიმუშებში. მეორე ფილაზე ერთმანეთს ენაცვლება S-ისებრი, ფოთლებიანი წნულების და ერთანეთზე გადადებული წრეების მოტივები. აქაც კომპოზიცია გრეხილი შეწყვილებული ლილვების ჩარჩოშია მოქცეული, რომლებსაც პროფილირებული ბაზისები აქვს. ეკლესიის მახლობლად სხვა დეკორატიული ფრაგმენტებიც ფიქსირდება: მაგ., ქვაჯვარის კაპიტელი ტრადიციული ნალისებრი თაღედეთ, როზეტებით მორთული ქვა და სხვ.

