ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
გრიგოლ ხანძთელის მონასტერი, უპირველესი ათორმეტ მონასტერთაგან, რომელიც მამა გრიგოლს დაუარსებია VIII საუკუნის ბოლოს კლარჯეთში მისვლის შემდეგ. მის შესახებ ვრცელი ინფორმაცია დაცულია გიორგი მერჩულის თხზულებაში.
პირველი ხის ეკლესიის შენება ხანძთაში ოპიზელი მამების დახმარებით მომხდარა, თუმცა მანამდე კლარჯეთის ამ კლდოვან და მიუვალ ადგილას განმერტოებით დაყუდებული ყოფილა ბერი ხუედიოსი.
მონასტრის ტერიტორია ერთგვარი ოაზისია, დღემდე შემორჩენილი ბაღებით, ტერასებით, წყალგადამყვანი არხებითა და რეზერვუარებით, მრავალი სამონასტრო ნაგებობით და რამდენიმე ეკლესიითა და სამრეკლოთი. პირველი საძმოს აშენებული ეკლესიებიდან არცერთი არაა შემორჩენილი.
დიდი გუმბათიანი ეკლესია „ჩახაზული ჯვრის“ ტიპისაა, ჯვარ-გუმბათიანი, აღმოსავლეთით აფსიდითა და პასტოფორიუმებით.
მშენებლობის ხარისხი ძალიან მაღალია, ნაგებია კარგად გათვლილი ქვებით დუღაბზე. გუმბათქვეშა კონსტრუქცია აფრებია, იშვიათი ოსტატობით ამოყვანილი.
გარედან ტაძარი სადაა, მთვარ დეკორატიულ ელემენტს ისევ არქიტექტურული ფორმა, გუმბათის ე.წ. ქოლგისებური გადახურვა ქმნის. ერთადერთი სამკაული არის აღმოსავლეთით წითელი ქვით ამოყვანილი ჯვარი, რომელიც უფრო მეტად ალბათ სიმბოლური გზავნილის შინაარსის მატარებელი იყო, ვიდრე დეკორატიულისა.
მშენებელი არის ამონა. აშენებულია მეათე საუკუნის დასაწყისში, ერისთავთ-ერისთავ აშოტ კუხისა († 918) და გურგენ დიდი ერისთავ-ერისთავის (†941) დროს.
ხანძთის ამ დიდი ეკლესიის მდგომარეობა მეტად რთულია. ოქროსმაძიებელთა ნგრევა, მოუვლელობამ და მკაცრმა ბუნებრივმა პირობებმა მისი ნგრევა გამოიწვია. რამდენიმე წლის უკან ჩამოიქცა გუმბათი.
წყაროსზედა ეკლესია მდებარეობს კომპლექსის ცენტრის მიმავალ გზაზე. არის საკმაოდ მცირე ტაძარი, რომლის ძირში, აღმოსავლეთით წყარო გამოედინება. ნაშენია კარგად გათლილი ქვის კვადრებით, ქვები უშველებელია განსაკუთრებით ქვედა დონეზე და ტაძრის მასშტაბთან მიმართებაში. ქვები არასწორ რიგებადაა დაწყობილი. წყარო ფასადზე თაღოვან ნიშაშია მოქცეული, სადაც ნაქანდაკევი ჯვრებია გამოსახული. ინტერიერი ქვებითაა ამოვსებული, რომელიც კამარის ჩამოქცევამ გამოიწვია. ეს ყველაზე ძველი შენობა უნდა იყოს მონასტრისა.
სამრეკლო მდებარეობს დიდი ეკლეიის გვერდით და არქიტექტურული ფორმებით მას ეხმიანება. ესაა ორსართულიანი შენობა. მნიშვნელოვანია მისი ზედა ნაწილი, რვათაღიანი ფანჩატური, რომელიც განკუთვნილი იყო ზარების ჩამოსაკიდად. მეორე სართული, ფანჩატური ასევე კარგად გათლილი ქვებითაა ნაგები (პირველი სართულისგან განსხვავებით). ფანჩატურის გუმბათის სფეროში შემორჩენილია რამდენიმე წარწერა. მათგან ერთი გვამცნობს, რომ მშენებელი ამ სამრეკლოსი იყო მარკოზი. ხანძთის სამრეკლოს ეს წარწერა უდგება სინას მთის “სულთამატიანე”-ს ტექსტში მოტანილ ჩვენებას, რომელიც სამრეკლოს მშენებლად ასევე მარკოზს მოიხსენიებს. სამრეკლოს XIV საუკუნეზე ადრეული არ უნდა იყოს.
ზემოთ აღნიშნულმა ცნობამ წერტილი დასუვა მრავალწლიან დისკუსიას ხანძთის მონასტრის ლოკალიზაციის თაობაზე.