ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სოფელ ალაბალიკიდან 2 კმ-ში, ხეობის გავლით, შემორჩენილია ტაძარანის კომპლექსი, რომლის ეკლესიები შეფენილია მთის ფერდზე, ხოლო მთის თავზე არის მრგვალი კოშკი. კომპლექსი მოიცავს ორ შეწყვილებულ ეკლესიას, პატარა დარბაზულ ეკლესიას, ბაზილიკას და ციხეს.
მთის ძირში დგას ორი დარბაზული ეკლესია, რომელთაგან სამხრეთისა უფრო ადრეულია. ნაშენია მუქი, რუხი ქვებით. კუთხეებში და კონსტრუქციულ ადგილებში გამოყენებულია ნუქი შინდისფერი ქვები. ჰორიზონტალები დაცულია. კამარა ჩამოქცეული. სამხრეთით ჰქონდა კარი, ხოლო აღმოსავლეთით და დასავლეთით სარკმელი. მის ჩრდილოეთით დაახლოებით იგივე ზომის დარბაზული ეკლესიაა მოშენებული. აქაც კამარა ჩამოქცეულია. სარკმელები აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებშია. კარი იყო დასავლეთით. საკურთხევლები ორივე ეკლესიაში მხრებითაა გამოყოფილი. დიდი განსხვავება აშენების თარიღში არ უნდა იყოს (სავარაუდოდ X საუკუნის), თუმცა ამ ეკლესიაზე მუქი შინდისფერი ქვები ნახმარი არაა.
ოდნავ ზემოთ, ფერდობზე დგას პატარა დარბაზულ ეკლესია, ნაგები დაახლოებით ერთნაირი ზომის მუქი ფერის კვადრებით. ჰორიზონტალები დაცულია. კარი – სამხრეთით, სარკმელები – აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით. ფაქტიურად, საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილი არაა. კამარა ჩამოქცეულია. ეკლესია ადრეშუასაუკუნეებისა უნდა იყოს.
ამ პატარა ეკლესიის აღმოსავლეთით შემორჩენილია ბაზილიკის ნანგრევები. ბაზილიკას ჩრდილოეთით აქვს მინაშენი. ბაზილიკა შვერილაფსიდიანია და როგორც ადრეული ბაზილიკებისთვისაა დამახასიათებელი, გვერდითა ნავები ძალიან ვიწრო აქვს. ეკლესიის სამხრეთ ნაწილი, მთლიანად დანგრეულია, კამარები და კონქი – ჩამოქცეული. ჩრდილოეთ ნავი ოდნავ მომრგვალებული აფსიდით სრულდება. საკურთხეველი ღრმაა. გვერდითა აფსიდებს სამწახნაგა შვერილი აფსიდები ჰქონდათ, ხოლო საკურთხეველს – ხუთწახნაგა.
კომპლექსს თავზე მრგვალი კოშკი ადგას.