პატარა ვანქი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

პატარა ვანქის ეკლესია დარბაზული ტიპისაა, დიდი აფსიდით, რომელიც თითქმის მთლიანად არის შემორჩენილი, მოპირკეთებული კარგად გათლილი ქვებით. ცენტრში ერთი დიდი სარკმელია, რომელიც აღმოსავლეთიდან ჩამოწოლილი მეწყრის გამო მიწითაა ამოვსილი. მის ორსავ მხარეს არის ნახევრადწრიული ფორმის, კონქური დაბოლოების მქონე მაღალი ნიშები, ხოლო ამ ნიშებში კიდევ თითო ენაგადმოკიდული პატარა ნიშია. მიუხედავად იმისა, რომ ნავთან შედარებით აფსიდი უფრო ვიწროა, ის საკმაოდ დაბალია და ამიტომ პროპორციულად დამჯდარი და განიერია; თავად დარბაზის სიგრძე ოდნავ აღემატება მის სიგანეს. დარბაზი ორ ნაწილად იყოფა განივ კედლებიდან წინ წამოწეული წრიული პილასტრების საშუალებით, რომლებიც ხისტად დამუშავებული სადა კაპიტელებითაა დაგვირგვინებული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კუთხეები სამ-სამ საფეხურიანია, ასევე იმავე მოტივის კარნიზებით დასრულებული. კამარა ჩამონგრეულია. სამწუხაროდ ნახევარწრიული მასიური პილასტრებიც დანგრეულია, ისევე როგორც თითქმის მთლიანად გადანგრეულია სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლები.

ეკლესიის ფასადები ნაძერწია კარგად გათლილი რუხი ფერის ბაზალტის კვადრებით, გადახურვაც ქვის ყოფილა.

მთავარი დარბაზის დასავლეთით მიშენებულია პატარა დარბაზული ეკლესია, ასევე კარგად გათლილი ქვით მოპირკეწთებული და გადახურული ქვის ორქანობა სახურავით. ამ მცირე ზომის სამლოცველოს კარი დასავლეთით აქვს. საკურთხევლის აფსიდი ნახევარწრიულია და სარკმლის ორსავ მხარეს თითო პატარა და ღრმა ნიში აქვს. დარბაზს სამხრეთის კედელი არ გააჩნია და პირდაპირ ებჯინება დიდი ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადს. გარდა საკურთხევლისა თითო-თითო სარკმელია ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებში. გადახურულია ცილინდრული კამარით საბრჯენი თაღების გარეშე.

ეკლესიას გარედან წნული, მარტივი გეომეტრიული ორნამენტით დამუშავებული კარნიზი მოუყვებოდა, დასავლეთი ფასადიდან ჩამოვარდნილი ერთი ასეთი ქვა იქვე გდია, რომლის ადგილმდებარეობაზეც ადგილობრივებმა მიგვითითეს. კარის თავზე ყოფილა კვეთილი ქვის ჯვარი, ახლა დაკარგულია.

ეკლესიის თარიღი, სამშენებლო ხარისხისა და დასავლეთი სარკმლის შემკულობის მიხედვით შეიძლება X ს-ით დავათარიღოთ

პატარა ვანქის ეკლესიას არაერთი წარწერა აქვს. ყველა ასომთავრულია. ზოგი მათგანი ქვაზეა ამოკაწრული, ზოგიც კი საღებავით დაფერილი.

+მეტამონაცემები