ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გალის მუნიციპალიტეტი, სოფელი ღუმურიში.
კომპლექსში შემავალი ნაგებობა: ეკლესია.
აგების თარიღი: XI საუკუნის I ნახევარი და XIX საუკუნე.
ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა: გალის რაიონის ს. ღუმურიშში, მდინარე ოქუმის ხეობაში, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი- ბაზილიკა, რომელიც აგებულია XI საუკუნის I ნახევარში საგდუხტ დედოფლის მიერ. ამის შესახებ გვაუწებს ეკლესიის ეზოში ნაპოვნი სამშენებლო ხასიათის ასომთავრული წარწერა: ,,ღმერთო, შეიწყალე ორთავე ცხოვრებასა შინა ამის ტაძრისა მაშენებელი დეოფალთ დეოფალი საგდუხთტ ნიანიას ასული ამენ.“ ,,დედოფალთ დედოფალი საგდუხტი“ ნიანია რაჭის ერისთავის ასული და ოდიშის ერისთავთ ერისთავის მეუღლე უნდა იყოს, რომელიც წარწერის მიხედვით ტაძრის ქტიტორად გვევლინება. XIX საუკუნეში ტაძარში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. ამდენად, დღევანდელი ტაძარი XIX საუკუნით თარიღდება.
XX საუკუნის 90-იან წლებში ეკლესიის ეზოში აღმოჩნდა კიდევ ერთი წარწერა, რომელიც მხედრული დამწერლობითაა შესრულებული და საფლავის ქვის ეპიტაფიას წარმოადგენს.
ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.
ღუმურიშის ეკლესიას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.