ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, სოფელი მოქვი.
კომპლექსში შემავალი ნაგებობა: გუმბათიანი ეკლესია, სამრეკლო.
ისტორიული-არქიტექტურული აღწერა: მოქვში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ქართული კულტურის ძლიერი კერა, სადაც მიმდინარეობდა ხელნაწერთა გადაწერა. ძველი ნუსხების განახლება. დღემდე მოღწეულია მოქვის წიგნთსაცავის ხელნაწერები, რომლებიც გვამცნობენ მოქველ მოღვაწეთა სახელებს. მოქვის სიძველეებიდან განსაკუთრებით მაღალი ღირებულება აქვს მოქვის ოთხთავს. მოქვის ეკლესია მდიდარი იყო ეპიგრაფიკული ძეგლებითაც, მაგრამ დღეისათვის შემორჩენილი მხოლოდ სამრეკლოს წარწერაა.
მოქვი მნიშვნელოვან საეკლესიო ცენტრსაც წარმოადგენდა. მოქვის საეპისკოპოსო კათედრა X საუკუნეში დაარსდა, ხოლო როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი განსაკუთრებით XIII საუკუნიდან დაწინაურდა. ქართულმა წყაროებმა შემოინახეს მოქველი ეპისკოპოსების სახელები, რომლებმაც დიდ ღვაწლი და ამაგი დასდეს – მის კულტურულ აღორძინებას. აქ მოღვაწეობდნენ გრიგოლ მოქველი, დანიელ მოქველი, აბრაამ მოქველი, ეფთვიმე საყვარელიძე, ფილიპე ჩხეტიძე და სხვები.
მოქვის ტაძარს დიდი ისტორია აქვს, იგი ერთიანი საქართველოს მეფის დავით IV აღმაშენებლის (1089-1125) ხანაშიც საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ, მაგრამ მაშინდელი ფრესკული მოხატულობის კვალი დღეს აღარსად ჩანს. XX საუკუნის 80-იან წლებში აქ უფრო გვიანი, ვარაუდობენ, XV საუკუნის მხატვრობის ფრაგმენტები აღმოჩნდა, სადაც ქართული წარწერები მრავლად იყო წარმოდგენილი.
მოქვის ტაძარი წარმოადგენს ჯვარგუმბათოვან ნაგებობას, გვერდითა ნავების გასწვრივ სამლოცველოების მწკრივით, აღმოსავლეთის მხრიდან კი სამი შვერილი აფსიდით. შუა (საკურთხევლის) აფსიდი შიგნიდან ნალისებრი ფორმისაა, ხოლო გარედან ხუთწახნაგაა. გუმბათი ეყრდნობა შენობის ცენტრში აღმართულ ოთხ ბოძს. კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა აფრების საშუალებით არის განხორციელებული. გუმბათის თორმეტწახნაგა ყელი დაბალია. შენობა შემოსილია თლილი ქვის პერანგით. ფასადები სადაა, ყოველგვარი ორნამენტის გარეშე. გლუვ ზედაპირებს ანაწევრებს ორ იარუსად განლაგებული სარკმლის ღიობების მწკრივი.
ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია. თუმცა, ცნობილია, რომ ტაძარი ხელახალ გადახურვას საჭიროებს.
მოქვის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.
სოფ. მოქვის ეკლესია
×აღწერილობა
×ფოტოგალერეა