კელასურის კედელი – “აფხაზეთის დიდი კედელი”

×აღწერილობა

ადგილმდებარობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა,  კელასურის კედელი – (აფხაზეთის დიდი კედელი) მდებარეობს  ქ. სოხუმის აღმოსავლეთით.

აგების თარიღი: VI -XVII საუკუნე

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა: კელასურის კედელი, აფხაზეთის დიდი კედელი — სიმაგრეთა სისტემა, რომელიც მდებარეობს ძველი ქართული ქალაქის ცხუმის აღმოსავლეთით, მდ. კელასურის მარცხენა ნაპირის გაყოლებით და კოდორის ქედის გასწვრივ.

საქართულ საისტორიო მწერლობაში, ჯუანშერის თხზულებაში ის მოხსენიებულია, როგორც აფხაზეთის დიდი კედელი. VIII საუკუნის ამბებთან დაკავშირებით ნახსენებია „ზღუდე კლისურისა“, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიიდან შავისზღვისპირეთში მიმავალ გზებს ამაგრებდა, იდგა ჩრდილოეთ კავკასიიდან დასავლეთ საქართველოში მიმავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზაზე, რომელიც უშუალოდ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მიუყვებოდა.

VIII საუკუნის დასასრულიდან, აფხაზთა სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ, ზღუდემ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და თანდათან დაინგრა. მისმა ნაშთებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.

შემორჩენილია ლევან II დადიანის მიერ აფხაზი ფეოდალების შემოსევების შესაჩერებლად XVII საუკუნეში აგებული სასიმაგრო ნაგებობათა სისტემა (საერთო სიგრძე 60 კმ). კედელი იწყება მდინარე კელასურის შესართავიდან, მიუყვება მდინარის მარცხენა ნაპირს, შემდეგ უხვევს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისკენ და ფანავის ქედის ძირის სამხრეთი მხრიდან გრძელდება მდინარე ღალიძგის ხეობაში. კელასურის კედელი ერთმანეთთან კოშკებით დაკავშირებული ცალკეული სასიმაგრო ნაგებობებია (კოშკების სისტემა, ზოგჯერ ცალ-ცალკე კოშკები და კედლები). ზღუდით გამაგრებულია მხოლოდ ვიწრო გადმოსასვლელები საკუთრივ აფხაზეთიდან, დალიდან და წებელდიდან. ლევან II დადიანმა საგანგებო ღონისძიებანი გაატარა კელასურის კედლის დასაცავად, მაგ., ყოველი ფეოდალი (სასულიერო ან საერო) ვალდებული იყო წელიწადში 1 თვე თავისი მხედრებით ემორიგევა. ლევან II დადიანის სიკვდილის შემდეგ კელასურის კედელი მიატოვეს. როდესაც აფხაზმა ფეოდალებმა ძალაუფლება მდინარე ენგურამდე გაავრცელეს, კელასურის კედელმა თავისი ფუნქცია დაკარგა.

ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის  შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

×ფოტოგალერეა
+კლასიფიკაცია