სოფ. ილორის ეკლესია

×აღწერილობა

ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, სოფელი ილორი.
კომპლექსში შემავალი ნაგებობები: ეკლესია, სამრეკლო.
ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა: ილორის წმინდა გიორგის ეკლესია თარიღდება XI საუკუნით. იგი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სალოცავია. ტაძარი მდიდარი იყო ქრისტიანული სიწმინდეებით. ის დიდხანს ოდიშის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის ეკლესია-მონასტრების საეკლესიო ნივთების სალაროს წარმოადგენდა, სადაც დაცული იყო ბედიის ბარძიმი (X ს.), ასევე მრავალი საეკლესიო სიწმინდე და ძვირფასეულობა.
ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის წარწერებს უაღრესად დიდი ისტორიულ- წყაროთმცოდნეობითი მნიშვნელობა აქვს ქართული დამწერლობის განვითარების, ილორის ეკლესიის ისტორიისა და ზოგადად, საქართველოს ისტორიის კვლევისათვის.
საგულისხმოა, რომ ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის წარწერებში წარმოდგენილია ქართული დამწერლობის განვითარების სამივე საფეხური: ასომთავრული, ნუსხახუცური და მხედრული წარწერები. ტაძრის მშენებლობის პერიოდი XI საუკუნის I მეოთხედია და საინტერესოა იმ მხრივ, რომ დამწერლობის სამივე სახე ერთი და იმავე დროითაა დათარიღებული, ამ წარწერების ამომკვეთი ერთი და იგივე პირი ჩანს.
ილორის ეკლესია აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ნაგებობაა, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან სხვადასხვა ხანის მინაშენებით. ეკლესიას კარები აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან, ხოლო შიდა სივრცე განათებულია ექვსი სარკმლით. აღმოსავლეთ ფასადზე შემონახულია ძველი ქართული წარწერებიანი 5 ქვა, რომლებიც ასევე XI საუკუნის I მეოთხედითაა დათარიღებული. XI საუკუნიდან შემორჩენილია დასავლეთ სარკმლის მოჩუქურთმებული საპირე და თავსართი, აგრეთვე ფრონტონის არეში მოთავსებულია ორნამენტული სწორკუთხა ფილა ჯვრის გამოსახულებით, ხოლო აღმოსავლეთ ფასადზე წარმოდგენილია წმინდა გიორგის რელიეფური გამოსახულება.
ამჟამინდელი მდგომარეობა: ტაძარი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, ამიტომაც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.
გვაქვს ინფორმაცია, რომ 2010 წელს აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა მე-11 საუკუნის ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს და ქართული კვალის წასაშლელად გარე ფასადი მთლიანად, ხოლო შიდა კედლები ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს, აღმოსავლეთის მხარე კი, სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი, მთლიანად გადალესეს. ეკლესიის გარე ფასადზე კონდიციონერების თანამედროვე სისტემა დაამონტაჟეს.

ილორის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.

×ფოტოგალერეა
+კლასიფიკაცია