ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფელი დრანდა.
კომპლექსში შემავალი ნაგებობა: გუმბათიანი ეკლესია.
ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა: დრანდის ეკლესია VI-VIII საუკუნეების ძეგლია. არსებობს ცნობები, რომ დრანდა ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე დიდის ბრძანებით, 551 წელს აიგო და თავიდან კონსტანტინოპოლის ეკლესიაში შემავალი, აბაზგიის ეპარქიის დაქვემდებარებაში იყო.
VIII საუკუნეში, დრანდა აფხაზეთის, ანუ დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოს ეპარქიის ცენტრად იქცა, რომელმაც აქ XVII საუკუნემდე იარსება. დრანდის ბოლო ეპისკოპოსი გაბრიელი აბაზებისა და აფსარების შემოსევების გამო, იძულებული გახდა იერუსალიმში წასულიყო.
1637 წელს, ტაძარი მთლიანად გაძარცვეს და გადაწვეს თურქმა დამპყრობლებმა. 1878 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს ტაძარი ხელმეორედ დაიწვა და ფრესკები განადგურდა. 1880 წლიდან, რუსული ცარიზმის კოლონიური მმართველობის პერიოდში, სხვა ტაძრებთან ერთად ხდება დრანდის „რუსიფიკაციაც“. დრანდას ჯერ კიდევ მაშინ, ქართული ისტორიული კვალის საბოლოოდ წაშლის მიზნით, რუსული ყაიდის ხახვისებრი გუმბათი დაადგეს, რითაც მისი ისტორიული იერსახე დაამახინჯეს.
1928 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის (1921წ.) შემდეგ კომუნისტებმა დრანდის ტაძარი გააუქმეს, ეკლესიის შენობის ნაწილი, სასჯელაღსრულების დაწესებულებად გადააკეთეს, ნაწილში კი გულრიფშის რაიონის ადმინისტრაცია და სკოლა-ინტერნატი განათავსეს.
მეოცე საუკუნის 70-იან წლებში არქიტექტორ-რესტავრატორ ვ. ცინცაძის ხელმძღვანელობით. დრანდის ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა და მან თავდაპირველი სახე დაიბრუნა.
დრანდის ეკლესია ნაგებია აგურითა და რიყის ქვით, ტაძრის გეგმაში ჯვრის სამი მკლავი სწორკუთხა ფორმისაა. კუთხის სათავსები გეგმით წრიულია. ამ სათავსებში შესასვლელი სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავიდანაა. გარედან ჯვარი სწორკუთხედშია ჩასმული. ეკლესიას აღმოსავლეთ მხარეს წახნაგოვანი აფსიდი აქვს. იგი სამშენებლო ტექნიკით, გეგმარებითა და პროპორციებით ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ნიმუშებს ენათესავება, მაგრამ დრანდის ეკლესიის აღმშენებელს ზოგი რამ ქართული ხუროთმოძღვრებიდანაც აუღია, კერძოდ, მცხეთის ჯვრის ტაძრის მსგავსად, აქაც აღმოსავლეთ ფასადზე სამი წახნაგოვანი შვერილი აფსიდი პატარა თაღებითაა გადაბმული.
ამჟამინდელი მდგომარეობა: ტაძარი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. რის გამოც მისი შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. გვაქვს ინფორმაცია, რომ 2011 წელს, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ათეულობით ტაძარი, მათ შორის დრანდის ეკლესიაც, ე.წ „აფხაზურ ეკლესიას“ უვადო სარგებლობაში გადასცა. ქართული კვალის წასაშლელად ტაძარი ოკუპაციის შემდეგ რუსულ ყაიდაზე, მთლიანად თეთრად გადაღებეს; ჩააყენეს ათამდე ვერცხლისფრად შეღებილი კარ-ფანჯარა, რის გამოც გახვრიტეს ეკლესიის კედლები, დაამონტაჟეს ვიდეოსათვალთვალო სისტემა; ტაძრის გარშემო მთლიანად მოხსნეს მიწის ფენა, ისე რომ არქეოლოგიური კვლევა არ განხორციელებულა. რეკონსტრუქციამ შეიწირა ტაძრის უნიკალური, VII საუკუნით დათარიღებული სანათლავი ემბაზი.
დრანდის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.