ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გაგრის მუნიციპალიტეტი, დაბა ბიჭვინთა.
კომპლექსში შემავალი ნაგებობები: გუმბათიანი ეკლესია, ნაქალაქარი, დარბაზული ეკლესია.
ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა: საეკლესიო გადმოცემით, ბიჭვინთის სანახებში I საუკუნეში წმ. ანდრია მოციქულს უქადაგია და ამიტომაც ბიჭვინთის საეპისკოპოსო კათედრას ,,წმ. ანდრიას საყდრად მოიხსენიებენ. დღევანდელი გუმბათიანი საკათედრო ტაძარი X-XI საუკუნეებშია აგებული. III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ბიჭვინთა მნიშვნელოვან საეკლესიო ცენტრად იქცა, რასაც მოწმობს ბიჭვინთის ეპისკოპოსის სტრატოფილეს მონაწილეობა 325 წელს ქ. ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. საუკუნეების განმავლობაში ბიჭვინთაში მდებარეობდა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცენტრი, რომელიც XVI საუკუნის შუა ხანებში, ჩრდილო კავკასიელ მთიელთა შემოსევების შემდეგ, გელათში გადმოვიდა. XVII საუკუნეში ბიჭვინთის ტაძარი მიტოვებული იყო და არ ფუნქციონირებდა. XVIII საუკუნეში ტაძარს მეხი დაეცა და ძლიერ დაზიანდა.
ბიჭვინთის ტაძარი წარმოადგენს გეგმით წაგრძელებულ ჯვაროვან-გუმბათოვან ნაგებობას, დასავლეთით ნართექსით, ხოლო აღმოსავლეთით 3 შვერილი აფსიდით. აღსანიშნავია, რომ ნართექსი საქართველოში იშვიათად გვხვდება, შვერილი აფსიდები კი ახასიათებს საქართველოს ადრინდელი პერიოდის ეკლესიებს, ხოლო უფრო გვიან, დასავლეთ საქართველოს, შავი ზღვის სანაპიროს ძეგლებს (თუმცა აქა-იქ გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოშიც). ტაძრის დასავლეთი მკლავი სამმხრივი პატრონიკეთია აღჭურვილი. გუმბათი ემყარება საკურთხევლის კედლებსა და ორ ბოძს. ბიჭვინთის ტაძარი ნაგებია მონაცვლეობით ნაწყობი ბრტყელი აგურისა და გათლილი ქვის ჰორიზონტალური რიგებით. გუმბათის ყელი მთლიანად აგურითაა ამოყვანილი. ტაძარი შიგნით მოხატული იყო, მაგრამ XIX საუკუნის 30-იან წლებში რუსეთის იმპერატორის ბრძანებით ის შეაკეთეს, შეცვალეს გუმბათის ფორმა, შელესეს და შეათეთრეს ფასადები, რის გამოც ნაგებობამ სახე იცვალა, დამახინჯდა და ძველი მოხატულობა განადგურდა, განადგურდა ასევე ნართექსის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩაშენებული პატარა, აფსიდიანი საძვალე და მის კედლებზე იმდროისათვის შემონახული მოხატულობა, რომელიც XVI საუკუნის II ნახევრით არის დათარიღებული. XX საუკუნის 60-იან წლებში ქართველი სპეციალისტების – აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის რეკომენდაციითა და პროფესორ ვახტანგ ცინცაძის ხელმძღვანელობით, ტაძარში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, მოიხსნა შელესილობა, გამოიცვალა სახურავი, მოწესრიგდა ეზო და ტაძრის თავდაპირველი იერსახე აღდგა.
სამუშაოების შესრულების დროს ტაძრის ინტერიერში აღმოჩნდა ძველი მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. ტაძრის ირგვლივ მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობაა: პატარა ეკლესიები, სამლოცველოები, მონასტრის საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები.
ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია. მთავარ ტაძარს ესაჭიროება გადახურვის გამოცვლა, ხოლო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების ფიზიკური მდგომარეობა ძალზე რთულია.
ბიჭვინთის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.