სოფ. ბესლეთის ხიდი

×აღწერილობა

ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გადებულია ქალაქ სოხუმის მახლობლად, მდინარე ბესლეთზე.
ისტორიული-არქიტექტურული აღწერა: სოხუმის მახლობლად, მდინარე ბესლეთის კალაპოტზე გადებულია ერთმალიანი თაღოვანი ხიდი, რომლის საერთო სიგრძე არის 35 მ. სიგანე კი _ 8 მ. იგი აგებულია კირქვის ფილებით, მოპირკეთებულია ქვის თლილი ბლოკებით, რომელთა შორის დაყოლიებულია ბრტყელი აგურის შრეები. ხიდი წარმოადგენს შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ნიმუშს, რომლის ხუროთმოძღვარს, როგორც ჩანს კარგად ჰქონდა შესწავლილი ამ მდინარის თვისება. ეს ძველი ხიდი თანამედროვე ხიდთმშენებლობის კანონებსაც კი სრულიად აკმაყოფილებს და რვა ტონიანი მანქანების შეუწყვეტელი რიგის სიმძიმის ატანაც შეუძლია. ასეთი მძლავრი და ტექნიკურად მაღალხარისხოვანი ხიდი დიდ სავაჭრო და პოლიტიკური მნიშვნელობის გზაზე უნდა მდგარიყო. ბესლეთის ხიდის ანალოგები საქართველოს სხვა კუთხეებშიც გვაქვს, კერძოდ, რკონის თაღოვანი ხიდი ქართლში და დანდალოს ხიდი აჭარაში.
ბესლეთის ხიდის დასავლეთ კიდეზე მოთავსებულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია მეფე ბაგრატი, წარწერა დათარიღებულია X-XII საუკუნეებით.
მიუხედავად იმისა, რომ წარწერაში დასახელებულია მეფე ბაგრატი, ადგილობრივმა მოსახლეობამ თამარ მეფისადმი (ერთიანი საქართველოს მეფე 1184-1213) დიდი სიყვარულის დასტურად, ამ ხიდს თამარის ხიდი შეარქვა.
ამჟამინდელი მდგომარეობა: ვინაიდან ტერიტორია ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ბესლეთის ხიდის შესწავლა და მისი რესტავრირება შეუძლებელია. ხიდი საჭიროებს გამაგრებას და მცენარეული საფარისგან გაწმენდას.
           ბესლეთის ხიდს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.

×ფოტოგალერეა
+კლასიფიკაცია