სოფ. აჭანდარის დოლმენები

×აღწერილობა

აღმოჩენის ადგილი: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, სოფლები – ეშერა, აზანთა, ოთხარა, აჭანდარა, გორანა, ყულანურხვა, შრომა; დოუს უღელტეხილი, მდინარე ფსოუს ხეობა და სხვა.
აღწერა: დოლმენები უძველესი მეგალითური სამარხი ნაგებობებია, რომლებიც აღმოჩენილია აფხაზეთის ტერიტორიაზე. აფხაზეთის უძველესი დოლმენები ადრე ბრინჯაოს ხანისაა. მათი მშენებლობა ძვ. წ. III ათასწლეულის II-ნახევარში დაიწყო. ამ ხანის აფხაზეთის დოლმენები მომცრო და ტლანქად ნაგებია. შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. აღ. II ათასწლეულის I ნახევარი) დოლმენები კი უფრო მოზრდილი და უკეთ ნაგებია.
არქეოლოგიურად ყველაზე უკეთ შესწავლილია სოფელ ეშერაში აღმოჩენილი დოლმენები. აფხაზეთის დოლმენები აგებულია ოთხ-ოთხი ვერტიკალურად დაყენებული მასიური ბრტყელი ქვისაგან და ასეთივე ქვითაა გადახურული (ცალკეული ქვების წონა 50 ტონას აღემატება). ზოგ დოლმენს იატაკადაც ქვის ფილა აქვს. აფხაზეთის დოლმენების გეგმა ტრაპეციის ფორმისაა. წინა ფართო კედელში, რომელიც უპირატესად მოქცეულია სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით, გამოჭრილია 0,4 მ. დიამეტრის მრგვალი ხვრელი, რომელიც ქვის საცობით იხურებოდა. გვერდითა კედლებსა და იატაკის ქვებზე სიმკვრივისათვის ხშირად ნარიბანდებია ამოკვეთილი კედლების გასწვრივ, გარედან კი დიდი ქვებია შემოწყობილი.
დოლმენებში, გარდა უწესრიგოდ მიმოფანტული ძვლებისა, აღმოჩენილია ცულები, შუბისპირები, სამკაულები, თიხის ჭურჭელი და ა.შ.
ამჟამინდელი მდგომარეობა: დოლმენების დიდი ნაწილი ახლა სრულიად მოუვლელია, რის გამოც არსებობს მათი განადგურების საფრთხე. აფხაზეთის დოლმენების ცალკეული ექსპონატები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

       აფხაზეთის დოლმენებს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.

+კლასიფიკაცია